მარნეულში გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმო გახსნეს.
საწარმო და ნაგავსაყრელი ერთ ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ორგანულ სასუქს, ე.წ. კომპოსტს დაამზადებენ. სასუქს ფერმერები ნიადაგის გასაფხვიერებლად გამოიყენებენ და ის სხვა სასუქზე უფრო ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება.
„მქონდა
საშუალება, რომ მსგავსი მეთოდი მენახა უცხოეთში და ვფიქრობდი, როდის
დადგებოდა დრო, რომ ჩვენთანაც ხდებოდეს ორგანული ნარჩების გადამუშავება,
გამოიყენებოდეს სასუქად - კომპოსტად. მოხარული ვარ, რომ ძალიან მალე
ერთ-ერთი ასეთი საწარმოს გახსნაზე ვართ. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ
ქვეყანა ხდება უფრო ცივილიზებული და გარემოსდაცვითი. ეკოლოგიურად სუფთა
სასუქით ნიადაგის გამდიდრება მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო,
მაშინ როდესაც სხვა მინერალური სასუქების გამოყენება ყოველწლიურად
აუცილებელია," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ახალი
საწარმო გერმანიის ქალაქ ვიცენჰაუზენში არსებული საწარმოს ანალოგია. მისი
მუშაობის ტექნოლოგიას ქართველი სპეციალისტები გერმანიაში ყოფნისას გაეცნენ.
„ორგანული
ნარჩენი აბინძურებდა ჩვენს ბუნებას და მიწისქვეშა წყლებს. დღეიდან მას
გამოვიყენებთ, რომ მივიღოთ ბიო-სასუქი, რომელიც დაეხმარება ჩვენს
ფერმერებს, მიიღონ ბიოლოგიურად სუფთა მოსავალი," - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
საწარმოს მშენებლობა გასული წლის თებერვალში დაიწყო. ქართულ მხარეს სპეციალისტების გადამზადებაში გერმანელი ექსპერტები დაეხმარნენ.
ქარხანა აშენდა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში -„ნარჩენების მართვა ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის (ENPI) აღმოსავლეთ ქვეყნებში".